ე.წ. მაყურებლები ციხეში და ძალადობა პატიმრებზე - ომბუდსმენი გამოძიებას ითხოვს, სამოქალაქო სექტორი კი სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ციხეებში კრიმინალური სამყაროს გაძლიერებისა და პატიმრების ცემის ფაქტების გამოძიებას სახალხო დამცველი ითხოვს. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული საგანგაშო მდგომარეობა ნინო ლომჯარიას ყოველწლიურ ანგარიშშიც მოხვდა.

„საკითხები, რაზეც ამ ანგარიშში ვსაუბრობთ, ნამდვილად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - პატიმრების დაშინება, ზეწოლა, იძულება, ე.წ. საერთოს აკრეფა, ეს არის, რა თქმა უნდა, დანაშაული, უნდა დაიწყოს გამოძიება, მარტივია, ნებისმიერი დაინტერესებული სამართალდამცავი უწყებისთვის, დაადგინონ ვისზეა საუბარი, რადგან მათი სახელები და გვარები კარგად იციან ამ უწყებებმა“ - განაცხადა ლომჯარიამ.

ამის პარალელურად სამოქალაქო სექტორი თავად იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს კანონდარღვევაში  პატიმრების ფარული თვალთვალის გამო და საკითხის შესწავლას სახელმწიფო ინსპექტორისგან ითხოვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ გუშინდელ გამოსვლაში იუსტიციის მინისტრი ციხეებში არსებული მდგომარეობის გადაფარვას ცდილობდა.

„მთავარი, რაც გუშინ სახალხო დამცველმა თქვა, იყო ის, რომ ციხეებში გვაქვს პრობლემა ე.წ. მაყურებლების სახით, რომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ძალადობენ პატიმრებზე, რომლებმაც შეიძლება წაართვან საჭმელი ან ტანსაცმელი კონკრეტულ პატიმრებს, ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და გარკვეული ინსტრუქციები მისცენ პატიმრებს, როგორ მოიქცნენ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა და აუცილებელია, ამ ფაქტების გამოძიება მოხდეს“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

მესამე სექტორის შთაბეჭდილებას, რომ თეა წულუკიანი ციხის პრობლემების გადაფარვას ცდილობდა, იზიარებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ხელისუფლების ოპონენტები პროკურატურას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ საპატიმროებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაგროვილ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცემა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი