არავინ არსად არ მიდის, ეს არის "ფეიკ ნიუსი" - წულუკიანი გახარიაზე

გამოქვეყნდა:

არავინ არსად არ მიდის. ეს არის "ფეიკ ნიუსი", - ასე ეხმაურება იუსტიციის მინისტრი "მთავარი არხის" მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრემიერი გიორგი გახარია პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს. 

ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს წულუკიანი მიდის საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ფეიკ ნიუსი. არავინ არსად არ მიდის. ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერმინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება, - ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და გახარიას შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო. 

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.

ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა - სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების, მათ შორის, პრემიერის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი