მინდა, დავამშვიდო მოქალაქეები, პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს, - ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი "მთავარი არხის" მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პრემიერი გიორგი გახარია პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს.
მე მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ პრემიერმინისტრი არსად წასვლას არ აპირებს. ეს გამოხმაურება, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო სწორედ იმ ეფექტური მართვიდან გამომდინარე, რომელიც პრემიერმინისტრმა პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში აჩვენა, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ინფორმაციით, ორი დღის წინ, ბიძინა ივანიშვილისა და გახარიას შეხვედრა შედგა. სწორედ ამ შეხვედრაზე, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება მოსთხოვა, რაზეც გახარიასგან უარი მიიღო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება, რომ გიორგი გახარია 20 ივნისს, გავრილოვის ღამის ერთი წლისთავზე პრემიერი აღარ იქნება, საბოლოოდ მიღებულია.
ახალი პრემიერ მინისტრის თანამდებობაზე განიხილება სამი ადამიანის კანდიდატურა - სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრსტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების, მათ შორის, პრემიერის მიერ პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ პირველად "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საკუთარ საავტორო გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.