
აქციები გრძელდება - ოპოზიციის ლიდერები, მათი მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები პროტესტს დღეს დედაქალაქის ქუჩებში ავტოკოლონების მსვლელობით გამოხატავენ.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ აღნიშნა, აქტივისტები დღეს 14:00 საათზე, სამ ლოკაციაზე შეიკრიბებიან. მისივე თქმით, ბრძოლა იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ჩამოინგრევა რუსული რეჟიმი "ქართული ოცნების" სახელით.
"გაიმართება აქცია-მსვლელობა ავტო-კოლონებით. შეკრების ადგილი იქნება სამი - 14:00 საათზე, შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, აღმაშენებლის ხეივანსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან კახეთის გზატკეცილზე, რათა ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ხმამაღლა გავაპროტესტოთ, სიგნალებით რუსული რეჟიმი და მისი არაადამიანური სახე", - თქვა ნიკა მელიამ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა.