იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ისევ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ციხის საავადმყოფოში საფრთხე არ ემუქრება.
როგორც მან სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, იმისთვის, რომ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე "დეზინფორმაცია აღარ გავრცელდეს", ექიმების ჯგუფი საზოგადოებას ინფორმაციას ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებებს "პატიმრის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ".
"აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება სრული ინფრასტრუქტურული თუ საკადრო რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის ეფექტიანი კონტროლი ისე შიმშილობის შემდგომი პერიოდის რეაბილიტაცია.
ამის გარდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას", - თქვა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.