ეს არის უაღრესად სამარცხვინო გადაწყვეტილება, სკანდალი - შოთა თუთბერიძე ციხეში უკრაინის ომბუდსმენის არშეშვებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გლდანის ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის არშეშვებასთან დაკავშირებით ისაუბრა და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა.

"სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ მიღებულ იქნა, უაღრესად სამარცხვინო გადაწყვეტილება, ის არ შეუშვეს და იუსტიციის მინისტრის განცხადებით მიზეზი გახდა ის, რომ ისინი უფრთხილდებიან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა შემდეგ წინადადებაში მინისტრს ამ უარის რეალური მიზეზი წამოსცდა. ეს გახლავთ ის, რომ წინა ვიზიტისას, როდესაც ქალბატონმა დენისოვამ დატოვა დაწესებულება, გააკეთა საკმაოდ მკაცრი და რეალისტური განცხადება მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ და მიაწოდა ეს ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, იმ დარღვევების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილის საქმეში.

პენიტენციურმა თქვა, რომ როგორც სახალხო დამცველი არ შევუშვითო, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ წერილი არის შესული, თურმე საგარეო საქმეთა სამინისტროდან და იმ წერილის საფუძველზე შეიძლება შევუშვათო. ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის დამალვას ცდილობს იუსტიციის სამინისტრო და არავითარი სამართლებრივი გამართლება არ გააჩნია. ეს არის ფაქტი, რომლის გამოც ფასს გადაიხდის არამხოლოდ იუსტიციის სამინისტრო, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყანა, რადგან მე ვფიქრობ, რომ ეს არის უკვე სკანდალი, როდესაც ასეთი მაღალი რანგის სახელმწიფო წარმომადგენელს არ უშვებენ მისივე ქვეყნის მოქალაქის მოსანახულებლად. მე წარმოდგენაც არ შემიძლია, რა შეიძლება ახალ ქალბატონმა ომბუდსმენმა იფიქროს მიხეილ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობაზე", - ამბობს შოთა თუთბერიძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ქვეყანაში გუშინ ჩამოვიდა, გლდანის ციხეში შესვლაზე უარი უთხრეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი