"ეს რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს მოკლავს... ჩვენ თუ რეჟიმთან ერთად ვეგუებით ამ ყველაფერს, მაშინ არაფრის ღირსი არ ვართ... " | ნიკა გვარამიას განცხადება [სრული ვერსია]

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნების გზით, რეჟიმის დასრულებაა. ამის შესახებ მან გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ქართული საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ - თუ ჩვენ რეჟიმთან ერთად ვეგუებით ამ ყველაფერს, მაშინ არაფრის ღირსები არ ვართ. თუ ჩვენ რეჟიმს არ ვეგუებით, მაგრამ ვიძახით, რომ "რა ცუდად არის, მაგრამ რა ვქნათ", მაშინ, ჩვენ ასევე არაფრის ღირსები არ ვართ. გამოსავალი არის ერთადერთი, ჩვენ ამას არ ვეგუებით, არ ვეგუებით ხმამაღლა და ვითხოვთ ამ ყველაფრის დასრულებას, მათ შორის, რეჟიმის დასრულებას, ვადამდელი არჩევნების გზით, სხვა გზა აქ არ არის, ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს, მე ამაში ეჭვი აღარ მეპარება, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმითვე, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა, მასთან შესახვედრად "კედელ-კედელ" შევიდა და "ვერ დგას წესიერად ფეხზე".

უკვე ზედმეტად მიმაჩნია ჩემის მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი ფერის, მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, არ იყო, ასე სუსტადაც არ იყო, ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ ასე ვთქვათ და რეალურად, ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რომ რამდენად სწორია რომ ჩამოყავთ, არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს იმიტომ რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს.

რა საქმეც არ უნდა იყოს, ადამიანს არ აქვს კარგი შესაძლებლობა კი არა, პრაქტიკულად აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს. ვთხოვე, რომ დამჯდარიყო. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არაა, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდადაა. ჩემი შეფასებით, კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ექიმი არ ვარ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩემი შეფასებების და იქ შემსვლელი ადვოკატების თუ პირების ამარაა დარჩენილი... მე ვფიქრობ, რომ უკუთვლა არის უკვე ჩართული და ამკაცის მდგომარეობა, არ ვიცი..., - ამბობს ნიკა გვარამია. 

დღესვე, ნიკა გვარამია გამოეხმაურა უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას გლდანის ციხეში არშეშვებას. ამბობს, რომ საქართველოში კატასტროფა ხდება და უკრაინის ომბუდსმენს საკუთარი მოქალაქის მოსანახულებლად არ უშვებენ იმ დროს, როცა ამას რუსეთიც კი არ აკეთებს. 

ძალიან ცუდად შევაფასებ. უკრაინის სახალხო დამცველი არის ერთ-ერთი გავლენიანი სახალხო დამცველი ევროპის მასშტაბით. ჯერ ერთი, ის არის 40-მილიონიანი უკრაინის და ტერიტორიულად ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის სახალხო დამცველი. სახალხო დამცველი უკრაინის, მეგობრებო, შეუშვეს რუსეთში, სენცოვთან და რუსეთი ყოველდღიურად უგზავნიდა სენცოვის შესახებ ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციას, რა პროცედურა უტარდება და ა.შ, ყოველდღიურ რეჟიმში...

რუსეთი იქცევა როგორც სახელმწიფო, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო, მაგრამ როგორც სახელმწიფო, საქართველოში ხდება კატასტროფა. სახალხო დამცველი გააჩერეს, ერთი საათი აცდევინეს და ისე შემოუშვეს და პრაქტიკულად კომუნიკაცია არ აქვს ხელისუფლების არცერთ წევრს. იუსტიციის მინისტრი როცა უნდა ტელეფონს არ იღებს და მერე პარლამენტის თავმჯდომარე უხერხულად იშმუშნება და იტყუება, რომ თვითონაც ვერ უკავშირდება. და არ უშვებენ საკუთარი მოქალაქის მოსანახულებლად, რაც პირდაპირ მის მანდატში შედის და უარი, მინიმუმ არაკეთილმეგობრული ჟესტია მოკავშირე სახელმწიფოს მიმართ, - ამბობს ნიკა გვარამია. 

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია ამბობს იმასაც, რომ დაცვის მხარემ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შესთავაზა.

როგორც ნიკა გვარამია განმარტავს, სტრასბურგის სასამართლომ მხარეების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა შეაფასოს, ადეკვატურია თუ არა ის დაწესებულება სამკურნალოდ, სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას.

თავად ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ დაამტკიცებს, რომ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულება შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი და ადეკვატური მკურნალობის პირობებს აკმაყოფილებს.

"ჩვენ მისი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფორმად შევთავაზეთ სტრასბურგის სასამართლოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. სტრასბურგმა თქვა, რომ სახელმწიფომ უნდა მომაწოდოს პოზიცია, მე თვითონ შევამოწმებ ეს რამდენად ადეკვატურია და გაგცემთ პასუხს 24-ში.

ადეკვატური რომ არ არის და თვითონ უწერია სტრასბურგს, რომ შეუქცევადი საფრთხეა და რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ, სიცოცხლისთვის შეუქცევადი დაზიანებების საფრთხეა, ამიტომ, რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილებთ, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, ვერ დაამტკიცებს ვერასდროს, ეს ყველამ იცის.

ჩვენ რა თქმა უნდა, უფრო მეტი გვინდოდა, მყისიერად გვინდოდა,რომ სამოქალაქო კლინიკა ეთქვა, მაგრამ სრულიად რაციონალურია, რაც სტრასბურგმა თქვა, რომ მე მოვითხოვ ინფორმაციას, რომ ეს შესაბამისობაშია. ვერ დაადასტურებს ამას სახელმწიფო, ტარაკნებიანი დაწესებულებაა, რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, დღეს ამონტაჟებენ კტეს, რომელიც როდის ამუშავდება ისიც არავინ იცის და ერთი კატე რას ცვლის, ესეც არავინ იცის",- თქვა ნიკა გვარამიამ.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, კონსილიუმის საჭიროება არ დგას.

ნიკა გვარამიამ განცხადებას სამარცხვინო უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო თავის უფლებამოსილებას არ ახორციელებს.

"სამარცხვნოა თამარ გაბუნია განცხადება, სამარცხვინოა ჯანდაცვის მინისტრის დამალვა, სამარცხვინოა ეს სამინისტრო, იუსტიციას და პენიტეციალურს რა უნდა ველაპარაკო, როცა ჯანდაცვა არ ახორციელებს თავის უფლებასილებას, როცა საკითხი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. სამარცხვინოა და ჩამოყალიბდნენ, ეს კონსილიუმი არსებობს თუ არ არსებობს, იმიტომ რომ იუსტიციის მინისტრმა ეგ თქვა, პენიტენციურმა თქვა, რომ არ გაუქმებულა არსებობსო.

ერთმანეთში მაინც ჩამოყალიბდნენ რას აკეთებენ, მაგრამ ჩამოყალიბებული არიან მთავარ რამეში, რომ ეს კაცი მოკვდეს და ეს კაცი დაიღუპოს, ამაში ჩამოყალიბებული არიან სრულიად შეთანხმებულად",-თქვა ნიკა გვარამიამ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი