მოვისმინეთ რამდენიმე განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" ან მათთან დაკავშირებული პირებისგან, რომლიდანაც აშკარად ჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ გადახედვას აქვს ადგილი ამ მიდგომის - საუბარი მეორე ტურებზე, საუბარი "ვიღაცამ თუ არ მიიღო მონაწილეობა, მაშინ აზრი არ აქვს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერია "ნაციონალურ მოძრაობასა" და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ ყველა პარტიას მოუწოდებს დაიწყოს კონსულტაციები და შეთანხმდნენ პირველ რიგში თბილისის საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე. პარტიაში ფიქრობენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბოლო განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეთანხმების დარღვევას აპირებენ.
სრული უპასუხისმგებლობა იქნება, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია, რაიმე მოტივით, ვგულისხმობ იმ პარტიებს, რომლებიც თავიდანვე იყვნენ ჩართული ამ პროცესში, იმიტომ რომ მაგალითად, "ლელო" თავიდანვე სკეპტიკური იყო, ამიტომ მის პოზიციას არაფერი შეუცვლია ამ ვითარებაში, მაგრამ სხვები და მსხვილი ოპოზიციური პარტიები ვინც იყვნენ ამ პროცესში ჩართულები და ვისზეც "ევროპული საქართველოთი" დაწყებული, არის დამოკიდებული ის, რომ რისკები შევამციროთ და პირველივე ტურში მკაფიო იყოს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება მშვიდობიან არჩევნებში, უნდა დარჩნენ ამ შეთანხმების ერთგულნი. იმედი გვაქვს, რომ ეს განცხადება დარჩება უსარგებლო განცხადებებად და ეს არ არის მომზადება შეთანხმების ჩაშლისთვის, დიდი იმედი მაქვს ამისი, ჩვენი პრაგმატული და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამბობს ბოკერია.
გიგა ბოკერიას თქმითვე, როცა ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა პირველივე ტურშია, მეორე ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება უპასუხისმგებლო რისკია.
რაც უფრო მეტი გავლენა გაქვს, მით მეტი გაქვს პასუხისმგებლობა და ეს ეხება ამ შემთხვევაში "ნაციონალურ მოძრაობას", სრული პატივისცემით ყველას მიმართ. იმედი მაქვს, რომ პასუხისგებლობის გრძნობა და გონიერება გაიმარჯვებს და ჩვენ მალე გვექნება საზოგადოების წინაშე წარსადგენი სია, პირველ რიგში თბილისის, - განაცხადა ბოკერიამ.