შეიკრიბება თუ არა გაფართოებული კონსილიუმი - ექიმები ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის ფონზე, ალტერნატიული კომისიის წევრები ჯანდაცვის მინისტრს და მის მოადგილეს შეხვდნენ. შეხვედრას იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული კონსილიუმის წევრებიც დაესწრნენ და მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის საჭიროებები დეტალურად განიხილეს.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის რეკომენდაციაა, შეიქმნას მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, რომელიც სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას უზრუნველყოფს.

ჯერჯერობით, კონსილიუმის წევრები და ჯანდაცვის სამინისტრო კონკრეტულ დასკვნაზე შეჯერებული არ არიან, თუმცა სავარაუდოდ, მოხდება როგორც ალტერნატიული, ასევე სახელმწიფო კომისიის გაერთიანება. 

"სამედიცინო საზოგადოება თანხმდება იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს გადაყვანილი სამოქალაქო ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. იგივე განაცხადა სახალხო დამცველის ეგიდით შესულმა ექსპერტთა ჯგუფმა. მე დავამატებდი იმას, რომ იმ დაწესებულებაში, სადაც მოხდა ადამიანის წამება, შეუძლებელია რაიმე სახის ადეკვატური მკურნალობა და რეაბილიტაცია. მთავარი არის ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და შესაბამისად, ველოდებით სწრაფ რეაგირებას ჩვენს მოთხოვნაზე", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა. 

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საჭიროებაზე საუბრობს ჰემატოლოგი მარიამ აბაშიძე. ის ამბობს, რომ შიმშილობის შემდეგ პაციენტის რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ რთულია, რისი გამოცდილებაც საქართველოში ექიმებს არ აქვთ. 

"ბევრად უფრო რთულია პაციენტის გამოყვანა ამ შემთხვევაში შიმშილობიდან, ვიდრე შიმშილობის დაწყება. არავითარ შემთხვევაში თავიდან არ უნდა მიეცეს საჭმელი, არსებობს მთელი რიგი გაიდლაინების. გამოსავალი იქნება უცხოეთის ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანა. ეს არა იმიტომ, რომ არაკვალიფიციური ექიმები გვყავს, ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება. მინისტრმა გვკითხა აზრი და მგონი, იქ მყოფ ყველა ექიმს ასეთი პოზიცია ჰქონდა", - თქვა მარიამ აბაშიძემ.

გაერთიანდება თუ არა სახელმწიფო და ალტერნატიული კომისიები, სავარაუდოდ, ჯანდაცვის სამინისტროსგან დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი