კარანტინი სასტუმროებში - მთავრობამ ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი დახარჯა

გამოქვეყნდა:

საკარანტინო ზონებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 32.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, -  ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია ნათქვამი.

ანგარიშის მიხედვით, 22 მაისის მდგომარეობით საკარანტინო ზონისთვის სულ 84 სასტუმრო იყო გამოყოფილი, სადაც სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა გაიარა.

მთავრობის განცხადებით, პროექტმა ხელი შეუწყო 23 მცირე ზომის, 42 საშუალო და 18 დიდი ზომის სასტუმროს ოპერირებას, რამაც ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს სამსახური შეუნარჩუნა.

"საკარანტინო ზონების პროექტის არსებობით ხელი შეეწყო არა მხოლოდ COVID19-თან ეფექტიან ბრძოლას, არამედ ისეთი სფეროების წარმომადგენლების ფინანსურ მხარდაჭერას, როგორიცაა: სატრანსპორტო სერვისი, ქეითერინგი და საკვები პროდუქტების დისტრიბუცია, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და სხვ. საკარანტინო ზონებისთვის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტი შეადგენს 32.5 მლნ ლარს", - ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ სასტუმროები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით შეარჩია. მათივე თქმით, სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნა 2020 წლის 10 მარტიდან, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო.

დოკუმენტში ასევე საუბარია, რომ საზღვრიდან სასტუმროებამდე მოქალაქეების ტრანსპორტირებასა და კვებას მთავრობა უზრუნველყოფდა. ასევე, უზრუნველყოფილი იყო სასტუმროების პერსონალის სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობით მომარაგებაც.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას სასტუმროს ნომრის ღირებულება ყოველ ჯერზე წარმოადგენდა მოლაპარაკების საგანს. 2020 წლის 21 მარტიდან ახალი სასტუმროების საკარანტინო სივრცეებად დაჯავშნისას პროექტში ჩართული ყველა სასტუმროსათვის ამოქმედდა ერთიანი ტარიფი, რომელიც ითვალისწინებს სასტუმროს ნომრის ღირებულებას - 59 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), საიდანაც სამჯერად კვებით მომსახურებაზე ფიქსირებული ტარიფი ყოველი სასტუმროსათვის შეადგენს 25 ლარს“, - ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი