
კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი ვილი პაჭკორია, რომელიც უკვე ექვსი დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა.
როგორც მან აღნიშნა, შიმშილობის გამო ვილი პაჭკორია თავს კარგად არ გრძნობს, ამიტომ სთხოვა, პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს.
თავად პაჭკორია ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს მანამ, სანამ მისი მოთხოვნა არ შესრულდება.
კლინიკების ასოციაციის ხელმძღვანელი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებსაც გამოეხმაურა და მოუწოდა, ექიმების კომპეტენციაში არ ჩაერიოს.
"შიმშილობიდან 6 დღეა გასული. ბუნებრივია, სისუსტეებია გამოვლენილი, თავის ტკივილი, გვერდითი მოვლენები, მაგრამ ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მზად ვარ, ბოლომე ვიშიმშილო იმისთვის, რომ გადავარჩინო პაციენტის სიცოცხლე. მინდა მოვუწოდო პოლიტიკოსებს და ვთხოვო, ნუ ჩაერევით ექიმების საქმიანობაში. მინდა ვთხოვო ბატონ ირაკლის კობახიძეს და მოვუწოდო, თქვენ ბრძანდებით იურისტი, მე არ ვერევი იურისპრუდენციის საკითხებში, თქვენც ნუ ჩაერევით ბატონო ირაკლი ექიმების საკითხებში", - თქვა ვილი პაჭკორიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 48-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.