საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიციის უმრავლესობა განხილვებში არ მონაწილეობს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ და რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპული საკითხია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელისუფლება ოპოზიციის გარეშე მიიღებს, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ ფასილიტატორების თანდასწრებით მიღწეულ შეთანხმებას არღვევს. გოცირიძე სრულ პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში და განხილვებში, თუკი მთლიანად იქნება შესრულებული შეთანხმება. შეთანხმების სანახევროდ შესრულება არ არსებობს. თუკი ოპოზიციის გარეშე იქნა მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ სანახევროდ შეასრულა შეთანხმება, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებს, როდესაც პოლიტპატიმარი გიორგი რურუა გათავისუფლდება.

ჩვენ ვამბობთ, რომ როგორც კი რვა მარტის შეთანხმება შესრულდება და გიორგი რურუა გათავისუფლდება და ამ ეტაპზე დაიხურება პოლიტიკური პატიმრების ეს ძალიან არასწორი ფურცელი, ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მხარი დავუჭიროთ ამ კონკრეტულ წინადადებას, - განაცხადა კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მსგავსად განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

მე არც ვაპირებდი, როგორც კი ჩავარდა, მე არ მგონია, რომ რამე კომპრომისული ვარიანტი მოხდეს. როდესაც მთავრობა ატყუებს ხალხს, იქ კომპრომისის ადგილი არ არის. განხილვებში დავაფიქსირებ ჩემ აზრს, რატომ არ ვუჭერ მხარს, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვებში სხვა დეპუტატები მონაწილეობას მიიღებენ. პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურად არასწორი იქნება, თუ „ოცნებას“ იმის საშუალებას მისცემენ, რომ საპარლამენტო არჩევნები არსებული სისტემით ჩატარდეს.

„ქართული ოცნება“ სწორედ დამოუკიდებელი დეპუტატების და „პატრიოტთა ალიანსის“ ხმების ხარჯზე აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების გატარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი