საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შთაბეჭდილებების ქვეშაა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექსპერტების კეთილსინდისიერებითა და კვალიფიციურობით. ასევე, თავად ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ.
საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს.
"მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ საკმაოდ კვალიფიციური შეფასება გუშინ ექიმების მხრიდან, სპეციალისტების მხრიდან, ასევე მოვისმინეთ ის, რომ ეხლა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რომლის რესურსი ამ "სამკურნალო" დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს, ეს ერთი და მეორე, იმ მდგომარეობაში რამდენად ეფექტიანი იქნება სამედიცინო სერვისის მიწოდება ესეც არის უცნობი, როგორც თავად ექიმებმა გააკეთეს განმარტებები.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ გუშინ საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების კეთილსინდისიერებით და კვალიფიციურობით, ასევე, თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, შესაბამისად ჩვენ ვნახეთ მათ მიერ სრულყოფილი შეფასება, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ისე მე-18 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის და ადამიანური რესურსების", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა გუშინ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა. მათ მესამე პრეზიდენტი გლდანის მე-18 დაწესებულებაში 16 ნოემბერს მოინახულეს.