ოპოზიციური ერთობის დაუყონებლივ შეკრება დღეს "ევროპულმა საქართველომ" საგანგებო ბრიფინგზე მოითხოვა. მიზეზი ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმებაა. პარტია ყოფილ თანაგუნდელებს "ნაციონალური მოძრაობიდან" არ ენდობა და ითხოვს, რომ ოპოზიციურმა გაერთიანებებმა მაჟორიტარულ ოლქში კვოტებზე გადაწყვეტილებები უკვე უნდა მიიღონ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი თბილისის გადანაწილებაა.
მიმართვის მთავარმა ადრესატებმა "ევროპულ საქართველოს" მალევე უპასუხეს. "ნაციონალურ მოძრაობაში" განმარტავენ, რომ არცერთ ეტაპზე მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე მათი პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა. ამბობენ, რომ ახლაც ასეა და ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმება შედგეს.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა კი დღეს მოლაპარაკებების მონაწილეებს მიმართა, რომ საერთო კანდიდატებზე შეთანხმება დროულად უნდა მოხდეს და დისკუსიისთვის პარტიის ოფისში მიიწვია. ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება რომ აუცილებელია, ამას სხვა ოპოზიციური პარტიებიც ღიად ადასტურებენ.
საერთო ოპოზიციური მოლაპარაკებების ფორმატიდან არ გადიან, მაგრან პოზიციას არ ცვლიან - "ლელო საქართველოსთვის" 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, თუმცა თანამშრომლობისთვის მზად არიან, განსაკუთრებით მეორე ტურში.
ოპოზიცია "ლეიბორიტების" ოფისში სავარაუდოდ კვირის ბოლომდე შეიკრიბება. მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებთან ერთად, ისინი 20 ივნისის აქციის დეტალებზეც უნდა შეთანხმდნენ.