
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობაზე პასუხისმგებლობას ისევ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს აკისრებს და იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილს "კაცობა რომ ჰქონდეს, შიმშილობას მხოლოდ ამის გამო შეწყვეტდა".
"რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, ელენე ხოშტარიას მდგომარეობაზე მთლიანად არის პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე მიხეილ სააკაშვილი, ეს უპასუხისმგებლო კაცი. მას რომ ჰქონდეს ელემენტარული კაცობა, ამას კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რა თქმა უნდა, მარტო ამის გამო შეწყვეტდა შიმშილობას. თუმცა, კაცობის არაფერი სცხია მიხეილ სააკაშვილს, მან ეს დაამტკიცა 9 წლის განმავლობაში, როცა იყო მმართველობაში და შემდეგ 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ოპოზიციის ლიდერი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მან მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა "პასუხისმგებლობა გააცნობიეროს".
ელენე ხოშტარია პარლამენტში უკვე მე-17 დღეა შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, დღეს, 19 ნოემბერს, მან განაცხადა, რომ მედიკამენტების მიღებაზე უარს ამბობს. ცოტა ხნის წინ ელენე ხოშტარიასთან ოთახში ეტლი შეიტანეს.
ამავე თემაზე: