
ცენტრი "ემპათია" იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შეთავაზებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გორის სამხედრო ჰოსპიტალის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან წინ გადადგმულ ნაბიჯად მიგვაჩნია, თუმცა, პაციენტის თანხმობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. აუცილებელია შექმნილი იყოს პაციენტის ადეკვატური მკურნალობისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და პროფესიონალური გუნდი და რაც მთავარია, პაციენტისათვის კეთილგანწყობილი გარემო.
ცენტრი "ემპათია"-ს ექსპერტთა ჯგუფი კვლავ გააგრძელებს სიტუაციისა და პაციენტის მონიტორინგს. - ვკითხულობთ განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის 50-ე დღეს, ხელისუფლებამ სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა, მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, გუშინ გონება დაკარგა და რეანიმაციაში იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია მესამე პრეზიდენტის გადაწყვეტილება. მასთან ამ წუთებში მისი ადვოკატი ნიკა გვარამია, პირადი ექიმი და ეკა ხერხეულიძე იმყოფებიან. მათი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი მიხეილ სააკაშვილის პოზიცია.