"მადლობა ყველას, ყველას, ყველას... თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა [სრული ვერსია]

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა და მიმართვას ავრცელებს, სადაც მადლობას უხდის ყველას, ვინც მხარი დაუჭირა და სოლიდარობა გამოუცხადა.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

ჩემო ძვირფასო თანამემამულენო და თანამებრძოლებო!

მინდა, მთელი გულით მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო სოლიდარობისა და ჰუმანურობისთვის. მეც კი, რომელსაც ყოველთვის მჯეროდა ჩემი ხალხის, გაოგნებული ვარ ამ დღეებში საზოგადოების ამგვარი კონსოლიდაციით, გვერდში დგომის უნარით და ჰუმანურობით. თქვენ, ვისაც ამდენი პრობლემა გაქვთ ყოველდღიურად, ყველაფერი გვერდზე გადადეთ და მთლიანად დაკავდით არა პირად ჩემი საკითხით, არამედ ქვეყნისთვის სირცხვილის ჩამორეცხვის და მისი დასავლური კურსის გადარცენის საკითხით. პირველ რიგსი, სწორედ ამან გამოიწვია მსოფლიოში ასეთი რეზონანსი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

ამავე დროს, მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჩემს მიერ, უნებლიედ მიყენებული სტრესისთვის, რომელიც მიადგა მთავრობის გულქვაობის პირობებში ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხის მუდმივად მასმედიაში გაშუქებას. ბოდიშს ვუხდი ყველას, განსაკუთრებით ბავშვებს.

დიდი მადლობა ელენე ხოშტარიას გმირობისთვის. მისი თავდადება განვლილი კვირების განმავლობაში, ღირსების და პატრიოტიზმის ერთერთი ყველაზე ბრწყინვალე მაგალითია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მადლობა ჩვენს ეროვნულ სიამაყეს, პაატა ბურჭულაძეს. მადლობა ყველა დონის დეპუტატებს სოლიდარობის ნიშნით შიმშილობისთვის. რაც მთავარია, ყველაზე დიდი მადლობა უბრალო და სინამდვილეში ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მოქალაქეებს სიცივეში დგომისთვის, თუ შიმშილობის აქტებისთვის, პეტიციების ხელმოწერისთვის, თუ სხვა ტიპის მხარდაჭერისთვის.

უზარმაზარი მადლობა მთელ საექიმო თანამეგობრობას, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ქართველ ექიმებს, რომლებმაც უმაღლესი პროფესიული წესიერება და კვალიფიკაცია გამოიჩინეს.

მადლობა ჩემი ოჯახის წევრებს გვერდში დგომისთვის და ძალიან დიდი ბოდიში მიყენებული ნერვიულობისთვის.

ძალიან დიდი მადლობა ჩვენს საერთაშორისო მეგობრობს და საერთაშორისო მედიას ჩემი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლისთვის და რაც მთავარია, ჩემი სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის.

განსაკუთრებული და უზარმაზარი მადლობა ნინო ლომჯარიას და მის არაჩვეულებრივ გუნდს წარმოუდგენელი მასშტაბის და მნიშვნელობის წვლილისთვის ქვეყნის დემოკრატიაში.

დიდი მადლობა სახელმწიფო ინსპექტორის ოფისს და მის გუნდს, დემოკრატიის დაცვისთვის და ჩემს მიმართ არაადამიანური მოპყრობის გამოძიების წარმართვისთვის.

დიდი მადლობა ყველა კონსილიუმის თუ საექსპერტო ჯგუფის თითოეულ კეთილსინდისიერ და პროფესიონალ წევრს.

მადლობა უკრაინის სახალხო დამცველს. განსაკუთრებული მადლობა უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს.

ჩემი განსაკუთრებული მადლობა ქართულ თავისუფალ მედიას. დღეისთვის, ამ ქვეყნის მომავალზე ყველაზე გამორჩეულად, თავდადებულად და, რაც მთავარია, წარმატებულად მებრძოლ ინსტიტუციას.

მადლობა ყველას, ყველას, ყველას. თქვენ მე გადამარჩინეთ გარდაუვალ სიკვდილს და, რაც მთავარია, საქართველო გადაარჩინეთ ისტორიულ სირცხვილს და სამუდამოდ რუსეთის ბნელეთში გადაჩეხვას.

მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია, არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას.

მე, მიხეილ სააკაშვილი, მზად ვარ წარვდგე თუნდაც სპეციალურად შექმნილი, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს წინაშე და დავიცვა ჩემი და ჩვენი ისტორიული სიმართლე, მათ შორის, იმ ადამიანების წინაშე, ვინც თავი დაჩაგრულად ჩათვალა, ან ვისაც რეალური ზიანი მიადგა ჩემი პრეზიდენტობის დროს. მაგრამ, ეს ყველაფერი უნდა ჩატარდეს ეროვნული ღირსების და სამართლებრივი ნორმების განუხრელი დაცვით და მე დავემორჩილები ამგვარი სასამართლოს ნებისმიერ განაჩენს. მაგრამ ვიმეორებ, დღევანდელი ჩემი პატიმრობა არის უკანონო და ჩვენ ის ერთად უნდა დავასრულოთ. დავასრულოთ ქვეყნის გათავისუფლებით და როდესაც გათავისუფლდება ქვეყანა, მეც ვიქნები თავისუფალი. როგორც კი თავისუფალი ვიქნები, თქვენთან ერთად ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ფეხზე დაყენების საქმეში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩავერთვები ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნების საქმეში და ქვეყანაში პატიოსანი არჩევნების ჩატარების საქმეში. სიღატაკის და გაჭირვების დაძლევაში, უპერსპექტივობის და უიმედობის დასრულებაში.

ახლა მოშვების დრო არ არის. ახლა კონსოლიდაციის დროა. არ შეუშინდეთ არც ზამთარს და არც რეჟიმის მუქარას. არ ჩავთვალოთ, რომ რაიმე მნიშვნელოვანს მივაღწიეთ. მთავარი ჩვენი სამშობლოს გათავისუფლებაა. ბოლოს და ბოლოს, რას ვითხოვთ ისეთს, რასაც არ ვიმსახურებთ? ვითხოვთ, ვცხოვრობდეთ თავისუფალ, არაძალადობრივ ქვეყანაში, გვქონდეს ისეთი შემოსავალი, რომ არ გვეჭიროს თვალი გაქცევაზე, შევძლოთ უზრუნველად გავზარდოთ ჩვენი შვილები და მივხედოთ ჩვენს მშობლებს. გვქონდეს მომავალი როგორც პირადად, ასევე მთელ ქვეყანას.

როგორც არასდროს, ისე მჯერა გამარჯვების და როგორც არასდროს მჯერა, რომ ახლა სწორედ გამარჯვების დროა.

არც ერთი გარიყული ადამიანი! არც ერთი დაკარგული წამი! არც ერთი ნაბიჯი უკან! - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი