პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ისაუბრა.
ტრანსპორტირება მოხდა ნორმალურად, მდგომარეობა მძიმეა... ხვალ იქნება სამთავრობო კონსილიუმის შეხვედრა, სადაც განვიხილავთ მკურნალობის სქემას... პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, მკურნალობა უპრობლემოდ არ ჩაივლის. მდგომარეობა არის სტაბილურად კრიტიკული, - ამბობს ნიკა ყიფშიძე.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გვიან ღამით გადაიყვანეს.
ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა 19 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი "თანახმა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტდა შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე".