გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით გადაიყვანეს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.
სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უფლებადამცველებს შეზღუდვები არ ექნებათ, ხოლო პარლამენტის დეპუტატებისა და სხვა პირებისთვის სავალდებულო პროცედურები ნებართვის მისაღებად, დღეს გახდება ცნობილი.
მესამე პრეზიდენტს დღეს პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე მოინახულებს. დღესვე შეიკრიბება სახელმწიფო კონსილიუმი და ადგილობრივ მედიკოსებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროტოკოლს შეიმუშავებს. სახელმწიფო კომისიამ ჰოსპიტალის მედპერსონალს უნდა უთხრას, როგორ უნდა გაგრძელდეს მესამე პრეზიდენტის რეაბილიტაციის პროცესი.
გარდა ამისა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეიდან რესპუბლიკური კლინიკის რეანიმატოლოგთა ჯგუფი ყოველდღიურად იმორიგევებს.
ცნობილი ხდება, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცეს მონიტორინგს კიდევ ორი კონსილიუმი გაუწევს: ცენტრის "ემპათია" კონსილიუმი და ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმი. ისინი სამხედრო ჰოსპიტალში ხვალ მივლენ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს.