სამხედრო ჰოსპიტალთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული | პერიმეტრზე დამატებითი სათვალთვალო კამერები დაამონტაჟეს

გამოქვეყნდა:

გორის სამხედრო ჰოსპიტალთან, სადაც უკვე 12 საათზე მეტია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჰყავთ გადაყვანილი, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების დანაყოფები პატრულირებენ.

ჰოსპიტალის მიმდებარე პერიმეტრზე პოლიციამ დამატებით არაერთი სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა. ზომები გამკაცრებულია ჰოსპიტალის იმ ნაწილშიც, სადაც მესამე პრეზიდენტი მკურნალობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად სამხედრო ჰოსპიტალში დღეს სახელმწიფო კონსილიუმის ექიმებს ელოდებიან. ისინი ადგილობრივ მედიკოსებს, ასევე, რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმატოლოგთა ჯგუფს შეხვდებიან, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში მანამდე დარჩებიან, სანამ იქ მესამე პრეზიდენტი იქნება მოთავსებული. შეხვედრის შემდეგ მედიკოსები შეჯერდებიან, როგორი პროტოკოლით უნდა მოხდეს მკურნალობა.

"უნდა მოვარგოთ პროტოკოლში არსებული გეგმა კონკრეტულ პაციენტს ლაბორატორიული კვლევებით და ფიზიკალური მაჩვენებლების გათვალისწინებით. იქ ძალიან კვალიფიციურ ექიმთა გუნდი მუშაობს, რომლებსაც გამოცდილება აქვთ იმის, რომ მართონ პაციენტის მდგომარეობა. დაგვახვედრებენ ალბათ გარკვეულ კვლევებს, რომლითაც ვიხელმძღვანელებთ და თუ საჭირო გახდა რაიმე დამატებითი გამოვკლევის დანიშვნა, დავნიშნავთ", - თქვა სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ჰემატოლოგმა ნინო შარაშენიძემ.

მესამე პრეზიდენტს სავარაუდოდ, დღესვე მოინახულებენ მისი უფლებადამცველები. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის დროს ხელოვნური ბარიერებით გამოწვეული პრობლემები არ შეექმნებათ.

"ჩვენ ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების სურვილი და უფლება გვაქვს მინიმუმ იმ ინტენსივობით და შესაძლებლობით, რაც არსებობდა აქამდე - სამუშაო დღეებში 10-დან 6 საათამდე პერიოდში. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შესაძლებლობა არ შეგვეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამხედრო ჰოსპიტალს ჰქონდეს თავისი რეგულაციები, დაცვის უფლება არის უპირველესი", - თქვა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის გორის სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის პალატაში მოათავსეს. როგორც გუშინ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მკურნალობის პროცესი რთული და ხანგრძლივი იქნება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი