"მივესალმები გუშინდელ მოვლენებს", - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას და მასთან დაკავშირებულ პროცესებს, კერძოდ, ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების მიერ შიმშილობის შეწყვეტას.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო მკურნალობა და სათანადო სამართლებრივი პროცესი მთავარ საკითხებად რჩება.
"მივესალმები გუშინდელ მოვლენებს, რომელიც დაკავშირებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მოგვარებასა და ელენე ხოშტარიასა და სხვათა შიმშილობის შეწყვეტასთან. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი წინსვლისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო მკურნალობა და სათანადო სამართლებრივი პროცესი რჩება მთავარ საკვანძო საკითხად",- წერს კარლ ჰარცელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა.
მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.