"მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ის შიმშილობას წყვეტს" - ამ სათაურით გავლენიანი უცხოური მედია Washington post მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანა სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკისა და საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მოხდა.
გამოცემაში ქრონოლოგიურადაა მოთხრობილი, როგორ ვითარდებოდა მოვლენები მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანამდე. ასევე საუბარია საქართველოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად მოპყრობოდნენ.
სტატიაში საუბარი შეეხება ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების შეფასებასა და 18 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის გონების დაკარგვის ეპიზოდს.
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს გადაიყვანეს, მან შიმშილობა ამავე დღეს შეწყვიტა. იუსტიციის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა შიმშილობის 50-ე დღეს შესთავაზა.