მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა, ენდოკრინოლოგმა ელენე გიორგაძემ გაავრცელა.
კონსილიუმის წევრები დღეს მიხეილ სააკაშვილთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ. გიორგაძის თქმით, ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, პირველი სამი დღე განსაკუთრებით საყურადღებოა.
"როცა ადამიანი შიმშილს წყვეტს, პირველი სამი დღე ითვლება კრიტიკული, მერე ორი დღე არის საყურადღებო. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე დღე. მთელი დღე აქ ვიყავით, მინდა გითხრათ, რომ გავიარეთ მშვიდად, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ხვალ დილიდან ისევ აქ ვიქნებით",-თქვა ელენე გიორგაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.
მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.