მოსახლეობა შევაჩვიეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას - ღარიბაშვილის თქმით, ახალ სოციალურ ხედვას წარადგენენ

გამოქვეყნდა:

"ჩვენ მოქალაქეები შევაჩვიეთ სიღარიბესა და უმოქმედობას, ამ მართლაც გაუსაძლის მდგომარეობას..." - ამ მიმართვით დაწყო პრემიერმა მთავრობის დღევანდელი სხდომა და სოციალური პოლიტიკის გადახედვაზე ისაუბრა. 

ღარიბაშვილმა არსებულ სოციალურ პოლიტიკას "მანკიერი სისტემა" უწოდა და თქვა, რომ საჭიროა ის შეიცვალოს. მისი თქმით, ქვეყანაში 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, მათ შორის სულ მცირე 200 000 კი შრომისუნარიანია.

"არსებული სოციალური პოლიტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ზოგადად ტენდენციები არის შემაშფოთებელი. ვთქვათ პირდაპირ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული რომ დაიწყოს მუშაობა, იმის შიშით, რომ არ დაკარგოს სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს არის კატასტროფა. 

ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები. მე უკვე მქონდა საუბარი მთავრობის წევრებთან ეკონომიკურ გუნდთან, ამ მიზნით მაქვს ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და უახლოეს კვირებში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას. თუ როგორ უნდა შევცვალოთ მანკიერი, მე ვიტყოდი სისტემა, ახალი სისტემით. ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა,უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ათასობით და ათიათასობით. ამაზე უკვე გვაქვს მუშაობა დაწყებული...

ამიტომ, ჩვენ უნდა შევქნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომ ერთის მხრივ მინიმუმ ის დახმარება, რაც მათ ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამის გარდა სხვა დამატებითი, რაც შეუძლიათ, რომ მოიძიონ, მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება. 2-3 სამუშაო ადგილი შეუძლიათ, რომ იშოვონ",- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერის თქმით, "შრომას უნდა შეაჩვიონ მოქალაქეები" და ამ მიზნით, მისი სურვილია, ახალი პროგრამა მომავალი წლის იანვრიდან დაიწყოს. მისი თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში მოხდება მოქალაქეების გადამზადება სხვასხვა პროფესიულ სასწავლებელში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი