
თალიბანმა ავღანეთში ახალ შეზღუდვებს აწესებს, რაც გულისხმობს ისეთი ფილმების ჩვენების აკრძალვას ტელევიზიით, რომლებიც შარიათის კანონს და ავღანურ ფასეულობებს ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ასევე, სერიალებში მონაწილეობა ეკრძალებათ ქალებს.
გარდა ამისა, ქალ ჟურნალისტებსა და წამყვანებს უბრძანეს თავსაბურავის ტარება, თუმცა გაიდლაინებში არ არის ნათქვამი, თუ რომელი სახის საფარი გამოიყენონ.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ „რელიგიური სახელმძღვანელო პრინციპები,“გამოსცა. 8-პუნქტიანი წესების მიხედვით, აიკრძალა ისეთი კომედია და გასართობი შოუები, რომლებიც „შეურაცხყოფენ“ ან „ამცირებენ“ ადამიანებს და ეწინააღმდეგებიან ისლამური სამართლის პრინციპებს.
თალიბები ამტკიცებენ, რომ უცხოური ფილმები, რომლებიც ხელს უწყობენ უცხო კულტურულ ფასეულობებს, არ უნდა გავრცელდეს. ნებისმიერი ფილმი, რომელშიც ნაჩვენებია წინასწარმეტყველი მოჰამედი, ან სხვა პატივსაცემი ადამიანები, ასევე აკრძალულია. დაუშვებელია ტელეპროგრამებში კაცების ჩვენება, თუ თალიბანის სტანდარტის შესაბამისად არ აცვიათ.
შეგახსენებთ, რომ "თალიბებმა" ავღანეთში ძალაუფლება აგვისტოს შუა რიცხვებში აიღეს.