
ასობით მილიონი ლარის აღურიცხავი ქონება, არასამსახურებრივი მიზნით გამოყენებული ათასობით ლიტრი საწვავი და შერჩევითად დაფინანსებული მკურნალობა სარეზერვო ფონდიდან - აუდიტის სამსახურმა აჭარის მთავრობის საქმიანობაში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოავლინა.
სახელმწიფო უწყებების ავტომობილებს მოიხმარენ პირადი და არა სამსახურებრივი მიზნებისთვის, რადგან პირებმა, რომლებმაც გაიფორმეს მივლინებები, ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია. რაც შეეხება სარეზერვო ფონდს, ანგარიშის მიხედვით, არ ხდება თანხების სწორად განაწილება და იხარჯება დისკრიმინაციული წესით.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის კორუფციული ხარჯვა ცალსახაა და ამაზე ისინი დიდი ხანია ღიად საუბრობენ.
ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის თქმით კი "სახელმწიფო აუდიტის დასკვნა სარეკომენდაციო ხასიათისაა".
არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
დოკუმენტი 2 დღის წინ გამოქვეყნდა. ის 27-გვერდიანია და წერია, რომ აჭარის მთავრობის მიერ ჯამში არამიზნობრივად გამოყენებული ხარჯების რაოდენობამ მხოლოდ 2020 წელს რამდენიმე მილიონ ლარს გადააჭარბა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე