გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩაწერის კანონიერების შესასწავლად, ომბუდსმენმა ინსპექტორის სამსახურს მიმართა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები ომბუდსმენის რწმუნებულებმა 20 ნოემბერს შეამოწმეს, რის შედეგადაც გარკვეული საკითხები გამოვლინდა. 

კერძოდ, საუბარია სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სამედიცინო მანიპულაციებზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვებასა და ვიდეოჩაწერაზე.

​სახალხო დამცველის განცხადებით, ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, აპარატმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

"მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი