
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეოთხე დღეა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. უფლებადამცველის ინფორმაციით, ის თავს სუსტად გრძნობს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ადვოკატები განაჩენის აღსრულების გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი მიხეილ სააკაშვილს დღეს მოინახულებენ.
"არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები როგორ ინტერპრეტირდება ან ეს ნორმალური თუ არა, თუმცა ვიზუალურად, ის ძალიან სუსტად არის. გარეგნულად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ გაუმჯობესება ეტყობა, პირიქით - უფრო უარესად არის, ვიდრე ადრე. ამ ეტაპზე შეიძლება ვისაუბროთ განაჩენის აღსრულების გადავადებაზე, იმიტომ, რომ განაჩენი არის დამდგარი ორ საქმეზე. მას სავარაუდოდ, აღენიშნება პოსტტრავმული ეფექტები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სასჯელაღსრულების დაწესებულება თავად მოითხოვდა მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ჩატარებას თავისუფლად იქნება ეს საქართველოში თუ საზღვარგარეთ", - თქვა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამით გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.
მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, ყველა პირობას აკმაყოფილებდა.