ისტორიული მოვლენა, რომელმაც ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება სრულად შეცვალა და საქართველო დემოკრატიულ გზაზე დააყენა - დღეს, 23 ნოემბერს, "ვარდების რევოლუციიდან" 18 წელი გავიდა. 18 წლის წინ, ამ დღეს, მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამ დღემ ქართული სახელმწიფო შექმნა. მათივე თქმით, მაშინ საქართველომ დაამტკიცა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდები, ნეპოტიზმი, კორუფცია ბუნებრივი მდგომარეობაა არაა და შეუძლია, ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყოს.
"ვარდების რევოლუცია არის ჩვენი რწმენა, რომ ჩვენ, როგორც ილია იტყოდა, გათითოკაცებული საზოგადოება კი არ ვართ, არამედ ვართ კოლექტიურად, ერთობით შეკრული ადამიანები, რომლებიც საერთო მიზნისთვის იღწვიან და ეს რწმენა შექმნა ვარდების რევოლუციამ.
2012 წელი დღევანდელი გადმოსახედიდან არის ერთადერთი რამ, ეს არის კონტრრევოლუცია, კონტრრეფორმაცია, ეს არის უარყოფითი რეაქცია ვარდების რევოლუციაზე", - თქვა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, ის, თუ როგორ ეპყრობა დღევანდელი პუტინისტური რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს, ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ "ყველაზე მეტად ამ პუტინისტურ რეჟიმს სწორედ ვარდების რევოლუციის ეშინია".
18 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ. როგორც მან აღნიშნა, ვარდების რევოლუციამ ქვეყანას გადარჩენის შანსი მისცა და აღმშენებლობა დაიწყო.
"ვარდების რევოლუცია იყო შანსი, შანსი იმისა, რომ გადარჩენილიყო ქვეყანა. ეს შანსი ქვეყანას ვარდების რევოლუციამ ეს შანსი ქვეყანას დაუბრუნა და ქვეყანამ დაიწყო აღმშენებლობა. ამ ყველაფრის ლიდერი და სულის ჩამდგმლი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა დახარჯა ამაში, ჰყავთ პატიმრობაში. ქვეყანა ისევ მიექანება იქეთ, საიდანაც დიდი ძალისხმევის შედეგად იქნა ამოყვანილი", - თქვა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.