"ბიძინა წადი, თავისუფლება მიშას" - საჩხერის სოფელ ჭორვილაში სამოქალაქო აქტივისტების მიერ გაკეთებული წარწერები უკვე წაშალეს. საჩხერის მერიის დასუფთავების სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე იყო გადასული.
ამასთან, როგორც "მთავარი არხისთვის" გახდა ცნობილი, საჩხერის რაიონული პოლიციის უფროსმა შსს-სგან საყვედური და შენიშვნა მიიღო, რადგან აქტივისტებმა წარწერები ისე გააკეთეს, რომ ამის შესახებ პოლიციამ არაფერი იცოდა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა ამბობენ, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილს შეახსენეს, რომ მან ყველანაირი პოლიტიკური რესურსი ამოწურა.
"მე-18 წლისთავია ვარდების რევოლუციის და ამის აღსანიშნავად, პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის მისალოცად, ჩავედით ჭორვილაში და მივულოცეთ ამ სახით. ჩვენ ახლა ვართ ძალიან დრამატულ ვითარებაში, ქვეყანა გზაგასაყარზეა რუსეთსა და დასავლურ კურსს შორის და ამ ყველაფრის ავტორი არის ბიძინა", - ამბობენ აქტივისტები.
მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრის, ნიკა ნარსიას თქმით, ქვეყნის ისტორიაში ბოლო 30 წლის განმავლობაში 23 ნოემბერი ყველაზე ნათელი დღეა, ხოლო ვარდების რევოლუციის შემოქმედის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვა ისტორიული ნონსენსი.
ამავე თემაზე:
"ბიძინა წადი, თავისუფლება მიშას" - აქტივისტებმა ჭორვილაში, ივანიშვილის სახლთან წარწერები დატოვეს