"ქართული ოცნების" დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის აზრით, ვარდების რევოლუცია ქვეყნის განვითარების მოლოდინებით იყო აღსავსე, თუმცა საბოლოოდ, დაპირებებიდან და საწყისი ნაბიჯებიდან "დანაშაულებრივ რეჟიმამდე" მივიდა.
"ვარდების რევოლუციას ჰქონდა ის პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ ყველას ჰქონდა მოლოდინი ქვეყნის განვითარების, დემოკრატიული განვითარების და რა თქმა უნდა ეს იყო მოლოდინით აღსავსე ცვლილება და რა თქმა უნდა, ამას ჰქონდა თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა, საბოლოოდ, შედეგობრივად მივიღეთ ჩვენ დანაშაულებრივი რეჟიმი, ვარდების რევოლუციიდან და ხალხის მოლოდინიდან, რომ ქვეყანა უნდა განვითარებულიყო დემოკრატიული თვალსაზრისით, ამ დაპირებებიდან და ამ საწყისი ნაბიჯებიდან შედეგად მივედით დანაშაულებრივ რეჟიმამდე", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ "ვარდების რევოლუციის შემოქმედები მალევე გახდნენ რადიკალური და ძალადობრივი რეჟიმის დამფუძნებლები".
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.