გორის სამხედრო ჰოსპიტალი სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა დატოვეს. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტისთვის პირველმა სამმა დღემ კარგად ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ კრიზისი გადალახულია. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ ისევ საფრთხის ქვეშაა, მას გადაადგილება უჭირს და აქვს ზოგადი სისუსტე.
"ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევის შედეგები და თერაპიული სტატუსი მნიშვნელოვნად შეესატყვისება რეაბილიტაციის ვადას და ჩატარებული თერაპიის მოცულობას. თავს გრძნობს უფრო მხნედ, აქტიურია, იღებს საკვებს კალორაჟის მიხედვით, რასაც აწესებს ენდოკრინოლოგი და იყენებს დაავადებათა მართვის საერთაშორისო გაიდლაინს. რეგულარულად ხორციელდება ლაბორატორიული მონიტორინგის საფუძველზე მისაღები მედიკამენტების პარალელურად კვებისა, დოზირების კორექცია და ასევე მათი ჩამონათვალიც კორეგირდება. [...]
კრიზისულ დღეებს რაც შეეხება, ეტაპობრივად, ყოველდღიურად უკეთესად და უკეთესად გამოიყურება", - თქვა ნინო შარაშენიძემ.
მისი თქმით, მათთან ერთად დღეს მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე სხვადასხვა მიმართულების ექიმებმა მოინახულეს.
ექიმების თქმით, ზოგადი ტენდენცია პოზიტიურია და მკურნალობა შეჯერებულად მიმდინარეობს.