"ძალიან გართულებულია შესვლა... რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად" | ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შესვლის პროცესი გართულებულია. 

ომბუდსმენმა და მისი ინიციატივით შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, რომ შესვლისთვის მათ დაახლოებით 2 საათი დასჭირდათ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის უფლებებს, ნინო ლომჯარიას თქმით, ამ კუთხით გარკვეული საკითხები გამოსწორებულია, თუმცა პრობლემების ნაწილი კვლავ რჩება.

ძალიან გართულებულია შესვლა, მინიმუმ 2 საათი დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესასვლელიდან პაციენტამდე მიგვეღწია. ეს განპირობებულია იმით, რომ გაურკვევლობაა შიგნით, კომუნიკაცია გართულებულია, კომუნიკაცია არის ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და პენიტენციურ უწყებას შორის და რეალურად ერთმანეთში რეკავენ და რეკავენ სადღაც, ჩემთვის გაურკვველია, სად და არკვევენ რაღაცებს, რაც ასევე გაურკვეველია.

გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ შენიშვნა მივეცით წინა ვიზიტის დროს, გამოსწორებულია, მაგალითად ბადრაგი აღარ ესწრება მის სამედიცინო შემოწმებას, პრობლემაა ის, რომ გარკვეული პირადი ნივთები და ჰიგიენის ნივთები სჭირდება, ასევე სასეირნო სივრცის საჭიროებაც დადგება, როდესაც მას უკვე ფიზიკურად შეეძლება ამის გაკეთება და ეს მოსაგვარებელია და გადავცემთ ამ ინფორმაციას პენიტენციურ სამსახურს, ფანჯარას რაც შეეხება, ეს საკითხი მოგვარებულია, - თქვა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას თქმითვე, ექსპერტთა ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბება, დაწერენ როგორც კლინიკური შემოწმებების შედეგებს, ასევე ზოგად შეფასებას.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.

მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი