"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი პარტიას ტოვებს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მასზე ცილისმწამებლური მასალა გავიდა.
"ტვ პირველის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც მე გამოყვანილი გახლდით "ქართული ოცნების" გარე ექსპერტად. ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ ჰქონიათ, დასჭირდათ რეიტინგი და გადაწყვიტეს ამბავი მოეგონებინათ. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მივიღე გადაწყვეტილება რომელიც არ არის ჩემთვის იოლი, მაგრამ არის სწორი - დავტოვო პარტია, იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავარიდო მას სიბინძურე, - ამბობს ახვლედიანი.
ახვლედიანი სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას არ აპირებს და უნივერსიტეტში, ლექციების ჩატარებას გეგმავს.
თავად "დემოკრატიულ მოძრაობაში" კი "მთავართან" საუბრისას ამბობენ, რომ გიორგი ახვლედიანმა ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
გიორგისთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და სამომავლოდაც მეგობრებად ვრჩებით. ეს თავადაც დაადასტურა, როდესაც გუნდის მაქსიმალურად გაფრთხილება გადაწყვიტა. ბუნებრივია, არავის სჯერა მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის და დარწმუნებული ვარ, თავის სიმართლეს დაამტკიცებს. გიორგი დიდი სიფრთხილით მოეკიდა ჩვენს გუნდს, როდესაც გადაწყვიტა, რომ ახლა არ არის იმის დრო, პარტია თავის მართლების რეჟიმში იყოს. ამ მიდგომით და დამოკიდებულებით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი გუნდისადმი ერთგულება, - ამბობს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე.