"ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა" - თბილისში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული საგარეჯოში დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში ურთიერთშელაპარაკებისას დაჭრილ კაცზე, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1985 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, საღამოს საათებში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი, 1988 წელს დაბადებული დ.მ. და ბრალდებული გ.ლ. მეგობრებთან ერთად, თბილისში, მათსავე საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ქუჩაზე იმყოფებოდნენ.

დ.მ-სა და გ.ლ.-ს კონფლიქტი მოუხდათ და ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც გ.ლ.-მ მეგობარი - დ.მ. ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა.

დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო გ.ლ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია უწყების განცხადებაში.

პოლიციამ გ.ლ. საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი