"სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება, არ ვიცი შეძლებენ თუ არა, ამ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს ყველა დახმარება აღმოუჩინონ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ საუბრობს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ 50-დღიანმა შიმშილობამ მიხეილ სააკაშვილზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა და მას სერიოზული მკურნალობა სჭირდება. გრუშოვეცი ამბობს, რომ ის ახლა ქართველ ადვოკატებს უნდა შეხვდეს და საერთო გეგმა შეიმუშაონ.
"მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინაში ვნახე და მიხეილ სააკაშილი, რომელსაც დღეს შევხვდი, ორი განსხვავებული ადამიანია. მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სასამართლო პროცესზე ის საკუთარი უფლებების ნორმალურად დაცვას ვერ მოახერხებს. შიმშილობამ მასზე დიდი კვალი დატოვა. მას სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი შეძლებენ თუ არა ამ საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილს ყველა დახმარება აღმოუჩინონ.
ახლა პალატაში მან რამდენიმე განცხადება დაწერა და მე გამომატანა, ეს განცხადებები მისი უფლებების დასაცავად გამოგვადგება. ახლა უკვე ექიმებსა და ქართველ ადვოკატებს უნდა შევხვდეთ და მათთან ერთად სამოქმედო გეგმა შევიმუშაოთ.
აღშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ 2006-2007 წლების მოვლენების გამო, ადამიანი 2018 წელს გაასამართლეს, სასჯელს კი 2021 წელს იხდის. ამასთანავე ეს არ არის სამართლიანი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც კანონის უზენაესობით არის გამყარებული.
სამართლიანი სასამართლოს პირობებში უნდა გაირკვეს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა დანაშაულს ადგილი თუ ეს უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლის იარაღია. იურიდიული კანონით შენიღბული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ბევრ ქვეყანაში გვხდება, ჩვენი მიზანია სააკაშვილის საქმეს სწორი იურიდიული შეფასება მიეცეს", - თქვა ევგენი გრუშოვეცმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 19 ნოემბერს, გვიან ღამე გადაიყვანეს. იუსტიცის სამინისტრომ მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შიმშილობის 50 დღის შემდეგ შესთავაზა.
მანამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდნენ, და ამტკიცებდნენ, რომ გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფებოდა, სამკურნალოდ ყველა პირობას აკმაყოფილებდა.