
აუთვისებელი ბიუჯეტი, კორუფცია და ნეპოტიზმი - აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან უმაღლესი საბჭოს წევრებს პრეტენზიები აქვთ.
რუსლან აბაშიძეს საბჭო სხვადასხვა ბრალდებას უყენებს და მისგან ამომწურავ პასუხებს ელოდება. მოსმენა, რომელიც ერთ კვირაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა აბაშიძის იმპიჩმენტის საფუძველი გახდეს, რადგან უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, რომ თუ ხელმძღვანელისგან ამომწურავ პასუხებს ვერ მიიღებენ, კონკრეტულად დაასახელებენ აბაშიძის ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მათ კითხვის ნიშნები აქვთ.
საბჭოს წევრების ინფორმაციით, აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტში 700 ათასი ლარი აუთვისებელია, გარდა ამისა იკვეთება ნეპოტიზმის და კორუფციის ნიშნები.
ნეპოტიზმის შემთხვევები არის, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს დევნილთა სამინისტროს სტრუქტურებმა, - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი თამაზ ხუბუა
თავად რუსლან აბაშიძე "მთავარის" გადამღებ ჯგუფს სამუშაო ადგილზე არ დახვდა. უწყებაში ამბობენ, რომ ის მივლინებაშია. მოგვიანებით კი აბაშიძე "მთავარ არხს" თავად დაუკავშირდა, თუმცა მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებზე საუბარი არ ისურვა.
რუსლან აბაშიძემ 2019 წლის შემაჯამებელი ანგარიში საბჭოს 11 ივნისს უნდა წარუდგინოს.