"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ხვალ ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" წევრებს ბიუროს სხდომის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
ხვალ ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც "ქართული ოცნების" წევრები აპირებენ, ბიუჯეტის დამტკიცების საკითხი გაიტანონ.
უკვე ზეგ კი საკრებულოს სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც "ოცნებას" საკრებულო ძველი შემადგენლობით სურს მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღება.
ოპოზიციის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რადგან უკვე არჩეულია საკრებულოს ახალი შემადგენლობა და ძველმა არ უნდა განსაზღვროს როგორ დახარჯავს ფულს ქალაქის თვითმმართველობა
"ქართული ოცნებისთვის საკრებულოში უმრავლესობის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვთ მისაღები, მათ შორის როგორიცაა ბიუჯეტის დამტკიცება, იმიტომ რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, გაყალბებით არჩეული მერიც კი მიდის სახლში. სწორედ ამიტომ იყო გამოცხადებული ნადირობა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრებზე...
...ხო, ყველაფერს, მათ შორის ფიზიკურადაც ვაპირებთ, რომ შევიდეთ დარბაზში და ხელი შევუშალოთ ამ ყველაფერს".- ამბობს გიორგი კირთაძე.