
თუ ვაკეში კენჭს ელენე ხოშტარია იყრის, სიამოვნებით წავალ და დავუჭერ მხარს ყველანაირი მორალური დისკომფორტის გარეშე, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ "მთავარ არხთან" განაცხადა.
ამბობს, რომ "გირჩი" მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს არ წარადგენს და 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ პარტიული სიით მიიღებს. მისივე თქმით, ვაკეში შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად სწორედ ის განიხილებოდა, თუმცა ამაზეც უარს ამბობს.
მახსოვს, რომ ვაკეში საკუთარი კანდიდატურის დაყენების სურვილი ელენე ხოშტარიას ჰქონდა. თუ ეს ასე იქნება, მას მხარს სიამოვნებით დავუჭერ. ნეტა სულ ასეთი არჩევანის საშუალება მქონდეს, რომ ხმა ელენესნაირ ადამიანს მივცე, - ამბობს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, უმჯობესია, პარტიებმა ისეთი კანდიდატები წარადგინონ, რომლებსაც სხვა ოპოზიციური ამომრჩევლების ხმების მიღების ყველაზე დიდი შანსი აქვთ. "გირჩი" და პარტიის მხარდამჭერები კი 2020 წლის არჩევნებზე მხარს ოპოზიციიდან მხოლოდ იმ კანდიდატს დაუჭერენ, რომლებიც გირჩის მთავარ პრინციპებსა და მიზნებს გაიზიარებენ.
ეს პრინციპები კი შემდეგია:
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება;
- ერთი გადასახადის დატოვება და მთავრობის ზომის შემცირება 15%-მდე;
- სასამართლოს სისტემის რეფორმა ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად;
- სახელმწიფო რეგულაციებისგან თავისუფალი კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების შექმნის შესაძლებლობის დაშვება;
- რაიონული პოლიციის უფროსების (შერიფების) არჩევითობა.
ზურა ჯაფარიძის თქმით, მას და მის პარტიას ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერთან უკვე ჰქონდა და მათი უმეტესობისგან სიტყვიერი მხარდაჭერაც მიიღეს.
გირჩის ამომრჩეველი არ დაუჭერს მხარს ოპოზიციურ კანდიდატს იქიდან გამომდინარე რომ მე ან იაგომ ასე ვუთხარით. თუ დაინახავენ, რომ დასახელებული კანდიდატების მხრიდან ჩამოთვლილი საკითხების მხარდაჭერა გულწრფელია და ამისათვის მომავალ პარლამენტში იბრძოლებენ, მათ ხმებსაც მიიღებენ, სხვა შემთხვევაში - ვერა, - აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, არსებობენ კანდიდატები, რომლებსაც პარტიის ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი მხარს არცერთ შემთხვევაში არ დაუჭერს. ჯაფარიძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე გამოყო და განაცხადა, რომ მის მიმართ ამომრჩევლის ნეგატიური დამოკიდებულების მიზეზი თავად გრიგოლ ვაშაძის მიერ გაკეთებული განცხადებებია, რამაც "გირჩის" ამომრჩეველს ნდობა დააკარგვინა.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძემ ვაკის მაჟორიტარ კანდიდატობაზე უარი დღეს დილით თქვა.