
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ხვალ, 25 ნოემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან აქციას აანონსებს. ელენე ხოშტარია Facebook-ზე ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს უკავშირდება.
ხოშტარიას თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა ფუტკარაძეზე ზეწოლა სცადეს.
ხვალ თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა! გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე! სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი! 25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით "ქართული ოცნების" ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!, - წერს ელენე ხოშტარია.
ფოტო: "დროა"