ოპოზიციას ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, ვის დაასახელებს თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატებად.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" რვიდან ექვსი ოლქი დათმო და ისინი საკუთარ კანდიდატს მხოლოდ გლდანსა და სამგორში წარადგენენ.
რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ დარჩენილი ექვისიდან, ორ ოლქში "ევროპული საქართველო" წარადგენს კანდიდატს, ორში -"ლელო", ხოლო დარჩენილ ორში შალვა ნათელაშვილი და ალეკო ელისაშვილი დასახელდებიან.
ორი მნიშვნელოვანი რამ მოხდა გუშინ. ერთი, ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება და პარალელური პროცესები მიმდინარეობს "ლელოსათან" მიმართებაში. ლელოს ლიდერებმა გუშინ არაპირდაპირ დაადასტურეს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში შეთანხმების შესაძლებლობა, - ამბობს ბერძენიშვილი.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატი არ იქნება. მისივე თქმით, 20 ივნისს ამომრჩეველმა უკვე უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან თბილისის კანდიდატები.
მე თბილისის მაჟორიტარებში არ ვიქნები და სხვა დანარჩენი უკვე კონსულტაციით გადაწყდება, - ამბობს უგულავა.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა არ არის გამორიცხული ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციიდან რომელიმე ოლქში იყაროს კენჭი.
მე, როგორც "ახალი საქართველოს" ლიდერი ისე ვიღებდი ლეიბორისტულ ფორმატში მონაწილეობას, აქედან გამომდინარე ამაზე მსჯელობა იქნება და რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავ, - ამბობს ვაშაძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ვინც არ უნდა დაასახელოს ოპოზიციამ მაჟორიტარობის კანდიდატებად, მათ შანსი არ აქვთ. სოფო კილაძე თვლის, რომ ოპონენტები თანამდებობებისთვის იბრძვიან, ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და ისინი არჩევნებს ვერ მოიგებენ.
ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის ნაწილს, რომელიც არის დაქსაქსული, ამავდროულად ერთმანეთში აქვთ გარჩევები და სერიოზული შეხლა-შემოხლა იმის გამო, თუ რა თანამდებობა ვინ უნდა დაიკავოს, როცა ჯერ მოგებულიც კი არ აქვთ არჩევნები და არც არის მოსალოდნელი, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ, - ამბობს კილაძე.
ოპოზიციაში სურთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები სიმბოლურად 20 ივნისისთვის უკვე გაკრვეული იყოს. რაც შეეხება პროპორციულ სიას, სავარაუდოდ პარტიები ინდივიდუალურ სიებს წარადგენენ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ რამდენიმე მათგანი ბლოკად გაერთიანდეს.