საპარლამენტო უმრავლესობიდან დემარშით წასული დეპუტატები პარტიას ქმნიან. ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წარმომადგენლები - მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი. პარტიის თავმჯდომარე კი ბექა ნაცვლიშვილი იქნება.
ბექა ნაცვლიშვილი თავს იკავებს დაასახელოს, ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები. თუმცა, ამბობს, რომ უახლოეს დღეებში პარტიის შესახებ მეტი დეტალი გახდება ცნობილი. მის მსგავსად, პარტიის წევრების დასახელებისგან თავს იკავებს მარიამ ჯაშიც.
გიდასტურებთ, რომ 2020 წლის არჩევნებში მივიღებთ მონაწილეობას, ვერთიანდებით არა ერთ კოლეგასთან ერთად, თუმცა, რა ფორმით და როგორ იქნება, სულ რამდენიმე დღეში გაიგებს საზოგადოება. არა მხოლოდ პარლამენტის წევრები, არამედ საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც განიხილება კონსულტაციების რეჟიმში და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო გუნდით ვიქნებით წარდგენილი უახლოეს მომავალში, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
კობა ნარჩემაშვილმა კი "მთავართან" აღნიშნა, რომ ამ პარტიას არ შეუერთდება.
რაც შეეხება მმართველი პარტიის სხვა წევრებს, რომლებმაც ივანიშვილის გუნდი დატოვეს, მათ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
ჩემთვის მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება, ჩემთვის ძალიან რთული იყო პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებაც და რული იქნება ახალი პარტიის არჩევის გადაწყვეტილებაც ძალიან. ამიტომ, ამაზე, ჯერჯერობით, დეტალურს ვერაფერს ვერ გეტყვით. მქონდა თითქმის ყველასთან, ვინც კი პოლიტიკურ ველზე არის, საუბარი და შემიძლია ჩემს კოლეგებს წარმატება ვუსურვო, ამით შემოვიფარგლები, მათთან არ განვიხილავ, - ამბობს თამარ ჩუგოშვილი.