რურუას გათავისუფლებაზე საუბარი, მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევაა, რაც მიუღებელია - პრემიერი

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საუბარი, პირდაპირი ჩარევაა მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, - ეს განცხადება პრემიერმა გიორგი გახარიამ გააკეთა.

პრემიერმა საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ოპოზიციის მთავარ მოთხოვნაზე - გიორგი რურუას გათავისუფლებაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის გათავისუფლება მისთვის მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევასთან ასოცირდება.

ყველა სახის საუბარი ბატონი რურუას გათავისუფლებაზე, ეს არის პირდაპირი ჩარევა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. მეორე, საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საარჩევნო სისტემასთან, არის ამ ქვეყნის მომავლისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ცვლილები. ეს არის ფასეულობების თემა, ამასთან დაკავშირებით ვინ, როგორ პოზიციას დააფიქსირებს, მათი გადასაწყვეტია, პირდაპირი ტესტი იქნება ეს, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიასთვის ტესტის ტოლფასია ის, თუ რას გადაწყვეტენ პოლიტიკური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

არჩევნები ხომ შემოდგომაზეა, ერთხელ ხომ გითხარით, შემოდგომაზე დავითვლით მეთქი და შემოდგომაზე დავითვლით, - ამბობს გახარია.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, კენჭისყრა ივნისის ბოლოს იგეგმება. თუმცა, განხილვებში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ არ იღებენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის პრინციპული საკითხია რვა მარტის შეთანხმების შესრულება, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს და მათივე თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ დახურული არ არის, რადგან გიორგი რურუა კვლავ საპატიმროში რჩება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი