
"მთავარი არხის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში "რუსული ავტორიტარული რეჟიმის ხელწერად" აფასებენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის კომუნიკაციების კომისიის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შტურმი დამოუკიდებელ ტელევიზიაზე. მათივე თქმით, ხელისუფლება ყველა რესურსს იყენებს კრიტიკული და მისთვის მიუღებელი მედიის გასაჩუმებლად.
"ქართულმა ოცნებამ" დაგვამახსოვრა ერთ რამით თავი ამ 9 წლის განმავლობაში, ისინი არც მოქალაქეებზე ფიქრობენ, არც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, არც ადამიანის უფლებებზე, მათი მთავარი მიზანია კორუფციის შედეგად პირადად გამდიდრდნენ, ყველა დემოკრატიულ პრინციპს მიაყენონ ზიანი და გამოხატვის თავისუფლებას მიაყენონ ზიანი. არ უნდათ, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი აზრი. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაზე, ფიქრობენ ის დარჩენილი დემოკრატიული ინსტიტუციებიც, რომელიც დარჩა, გაანადგურონ. ვნახეთ თავდასხმა სახალხო დამცველზე, ახლა ახალი ტალღა გამოხატვის თავისუფლებასა და მთავარ არხზე შეტევის, რომელიც არის მთავარი გამხმოვანებელი თავისუფალი აზრის", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილი.
გადაწყვეტილების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ასევე პოლიტიკოსი გიგი უგულავა. ის ამბობს, რომ შესაძლოა, ხელისუფლების მიზანი "მთავარი არხის" დახურვა იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს არ გამოუვათ.
"ბექაურის უწყება ჩვეულებრივი ცერბერია ივანიშვილის ხელში. ასე ექცევა ის თავისუფალ მედიას. იმის გამო, რომ მთავარმა გაუშვა რეკლამა, რომელიც შეიცავს პუტინს და აიგივებს "ქართულ ოცნებას", აჯარიმებენ და ხურავენ. ეს არის მთავარი ფაბულა ამ ამბის. ეს ყველაფერი მათ არ გამოუვათ, ცოცხალ ადამიანებზე უნდა გადაიარონ თუ გადაწყვიტეს მთავარის დახურვა, მაგრამ ამათგან ყველაფერია მოსალოდნელი. არ გამოუვათ, ყელში გაეჩხირებათ", - თქვა გიგი უგულავამ.
ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 25 ნოემბერს სამი კლიპის გამო დააჯარიმა. გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მთავარი არხი" არ აპირებს 112 ათასი ლარის გადახდას და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, ეს არის უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც ივანიშვილის ცენზორებმა მიიღეს და რომელიც პრაქტიკულად, არხის დახურვის ტოლფასია.