"ქართული ოცნება" საპარლამენტო ოპოზიციის დასუსტებას ცდილობს და ოპონენტებს უუფლებოდ ტოვებს. კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს. ცვლილებებით, რომელიც დღეს პირველი მოსმენით განიხილეს, ოპოზიციას დღეს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებებიც უმცირდება.
ცვლილებების მიხედვით, უმცირესობა, როგორც ცალკე სუბიექტი აღარ იარსებებს - იქნება მხოლოდ ოპოზიცია და უმრავლესობა. ვიცე-სპიკერების რაოდენობა ცხრიდან სამამდე შემცირდება, ფრაქციის შესაქმნელად კი ექვსის ნაცვლად შვიდი წევრი იქნება საჭირო.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენლები ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ.
ვფიქრობთ, რომ ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად გააუარესებს ოპოზიციის მდგომარეობას. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისევე როგორც დამოუკიდებელ დეპუტატებს, რომ შექმნან ფრაქცია და ისარგებლონ ყველა იმ პრივილეგიით, რაც ფრაქციებს აქვს მინიჭებული. პრობლემურია დროებიც. მაგალითად, პოლიტიკური დებატების დროს, დღეს თუ ფრაქციას მინიმუმ 15 წუთი აქვს, ეს მცირდება ათ წუთამდე და დამოუკიდებელი დეპუტატების შემთხვევაში დღეს ისინი 5-წუთიანი გამოსვლის უფლებით სარგებლობდნენ და ესეც სამ წუთამდე მცირდება, რაც რა თქმა უნდა, გააუარესებს მათ მდგომარეობას, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" საპარლამენტო მდივანი ლიკა საჯაია.