
საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას თქმით, ვილნიუსში დღეს ლიეტუველი და ქართველი დეპუტატების შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენები იქნება.
ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს.
მან ასევე ისაუბრა ლიეტუველი დეპუტატების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვებაზე და თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არც მიეცათ დიპლომატებს მესამე პრეზიდენტის მონახულების შესაძლებლობა.
"ლიეტუვა ძალიან ყურადღებით აკვირდება სიტუაცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება. ჩვენ, საქართველოს მეგობრებს გვინდა, რომ ეს საკითხი რაც შეიძლება მალე მოგვარდეს. ამისთვის ყველა მხარისგან იქნება საჭირო პოლიტიკური ნება და სიმამაცე. ასე რომ, ადამიანის უფლებების დაცვა და ჰუმანიტარული სიტუაცია, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ საკითხში.
ლიეტუვის პარლამენტის ორი წევრი - ერთი ხელისფულების მხრიდან, მეორე კი ოპოზიციიდან, ცდილობდა მიხეილ სააკაშვილის მონახულებას და უნდა ვაღიარო, ჩემთვის უცნობი მიზეზების გამო ამ პარლამენტარებს მისი მონახულების საშუალება არ მიეცათ.
დღეს ვილნიუსში ვმასპინძლობთ დელეგაციას საქართველოს პარლამენტიდან, რომლის შემადგენლობაში არიან ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მინდა დაგიდასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხიც იქნება განხილული ლიეტუველი და ქართველი პარლამენტარების შეხვედრაზე", - თქვა ანდრიუს კალინდრამ.
მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა საქართველოში ესტონეთის ელჩმა რიინა კალიურანდმაც. მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას ენდობა.
"სახალხო დამცველის პოზიცია ჩემთვის სარწმუნოა, რადგან მას ოფიციალური წვდომა აქვს ექსპრეზიდენტთან. რა თქმა უნდა ეს კადრები, რომელიც მედიაში ვრცელდება, ძალიან შემაშფოთებელია. მსგავსი მოქცევა ღირსების შელახვაა არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის. რა თქმა უნდა, შიმშილობა ყველა ადამიანის უფლებაა, მაგრამ მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ მოშიმშილე ადამიანს ყველანაირი სახის სამედიცინო დახმარება გაუწიოს. ამ მხრივ ძალიან სასიამოვნოა, რომ პარასკევს მისი საავადმყოფოში გადაყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ძალიან ვაფასებ იმ სამუშაოს, რომელიც სახალხო დამცველმა გასწია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის მუშაობას. ეს ძალიან რთული სამუშაო, როდესაც სხვადასხვა მხრიდან ამხელა ზეწოლის ქვეშ ხარ", - თქვა რიინა კალიურანდმა.