ბრძოლა მაჟორიტარობისთვის - ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს

გამოქვეყნდა:

უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს ოპოზიციიდან თბილისის რვა მაჟორიტარული ოლქიდან ორისთვის. სამგორსა და გლდანში, საკუთარ კანდიდატებს "ნაციონალური მოძრაობა'' წარადგენს. ვინ იქნებიან პარტიის სახეები, ჯერ არ სახელდება. 

სამგორისა და გლდანის გარდა დედაქალაქში ასევე იქნება ისნის, ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისის, დიდუბე-ჩუღურეთისა და ნაძალადევის ოლქები. სად დააყენებს კანდიდატს ,,ევროპული საქართველო'', გააკეთებს თუ არა არჩევანს მათ შორის ვაკეზე? დეტალები არ კონკრეტდება. თბილისში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გამორიცხა გიგი  უგულავამ, თუმცა ვისზე შეაჩერებენ არჩევანს, პარტიაში ჯერ არაფერს ამბობენ. კონსულტაციების დასრულებამდე კი ოპოზიციური ერთობის შენარჩუნების მნიშნველობაზე საურობენ.

გაერთიანებული ოპოზიციის შემადგენლობაში შემავალი "ახალი საქართველოს'' ლიდერი არ გამორიცხავს, რომ კიდევ ერთი კანდიდატი თბილისის რომელიმე ოლქში დააყენოს გაერთინებამ "ძალა ერთობაშია". გიორგი ვაშაძე, რომელიც საკუთარ თავს მაჟორიტარობის კანდიდატად მოიაზრებდა, ახლა ამბობს, რომ ვერ ხედავს პრობლემებას თუ მას არ დაასახელებენ.

საბოლოო პოზიცია არ აქვთ ჩამოყალიბებული "ლელოშიც". 30-ვე ოლქში საკუთარი კანდიდატის დასახელებაზე უკვე ღიად საუბრობენ, თუმცა თბილისში გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებას არ გამორიცხავენ. 

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპოზიციური ერთობის შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასამტკიცებლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დათმობაზე წავიდა და მხოლოდ ორ ოლქს დასჯერდა, მაშინ როცა სულ მცირე სამზე შეეძლო ჰქონოდა პრეტენზია. 

ვინც არ უნდა დააყენოს ოპოზიციამ თბილისსა თუ რეგიონებში, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებს მესამე ვადითაც მოიგებს და ოპონენტებს, სერიოზულ კონკურენტებად არ აღიქვამს.

ქვეყნის მასშტაბით სულ 30 მაჟორიტარი ოლქი იქნება. კანდიდატები ოფიციალურად ჯერ არც მმართველ გუნდს დაუსახელებია და არც ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები წარდგენას 20 ივნისისთვის გეგმავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი