
"კომუნიკაციების კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმება კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია თავისუფალი პოლიტიკური სიტყვის შესაზღუდად" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" განცხადებაშია საუბარი. პარტიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 112 000 ლარით დააჯარიმა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმება კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფალი პოლიტიკური სიტყვის შესაზღუდად. გარდა იმისა, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ცხადია, რომ მარეგულირებელმა ორგანომ პოლიტიკური მოტივით იხელმძღვანელა და ოპოზიციური არხი რეჟიმისთვის არაკომფორტული სარედაქციო პოლიტიკის გამო დააჯარიმა.
შემზარავია სახელმწიფო ორგანოს ინსტინქტი, შევიდეს სატელევიზიო რეკლამის შინაარსის განხილვაში, გამოიყენოს ცენზურა და შეზღუდოს პოლიტიკური სიტყვა მაშინ, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა მკაფიოდ კრძალავს ამას.
აღსანიშნავია გადაწყვეტილების შერჩევითი ხასიათიც. მარეგულირებელმა კომისიამ ოპოზიციური არხისთვის მაღალი ფინანსური სანქციის უსამართლოდ დაკისრება გადაწყვიტა მაშინ, როდესაც ის არ აჯარიმებს რეჟიმის პროპაგანდისტულ ორგანოებს, კანონის უგულებელყოფის და უხეში დარღვევის შემთხვევებშიც კი, - ნათქვამია ევროპული საქართველოს განცხადებაში.