მილიონობით ლარი უვარგისი ბათინკებისთვის - ჯარისკაცები ფეხსაცმელების გარეშე დარჩნენ

გამოქვეყნდა:

ჯარისკაცებისთვის ახალი ფეხსაცმელების საყიდლად თავდაცვის სამინისტრომ მილიონობით ლარი გამოყო. ტენდერი გამოაცხადა და თითოეულ ფეხსაცმელში 80-დან 100 ევრომდე გადაიხადა. სამხედრო ბათინკი უვარგისი გამოდგა და რამდენიმე დღეში დაიხა. ამბის გასაგებად "მთავრი არხი" სენაკის ბატალიონში მივიდა. ვიდრე ხელმძღვანელები გააფრთხილებდნენ, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ ინფორმაცია დაგვიდასტურა. კონტაქტის აკრძალვის შემდეგ კი ისინი კამერას ემალებოდნენ.   

სენაკის ბატალიონის ერთი მოსამსახურე "მთავარ არხს" ინტერვიუზე იმ პირობით დათანხმდა, რომ მის ვინაობას არ გაამხელდა. კონფიდენციალურად თქვა, რომ უვარგისი ფეხსაცმელების შესახებ ინფორმაცია მართალია და რამდენიმე ასეულ ლარად ნაყიდ სამხედრო ბათინკს ძირი ორ დღეში გაძვრა. 

ის, რომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ძვირად ნაყიდი ფეხსაცმელები უვარგისი გამოდგა, ამაზე "ნაციონალურ მოძრაობაშიც" საუბრობენ. მურთაზ ზოდელავას ეჭვი აქვს, რომ ფული არამიზნობრივად დაიხარჯა. გამოიყო თანხა ძვირადღირებული ბრენდული ბათინკების შესაძენად, რეალურად კი ქართველ სამხედროებს უვარგისი პატენტები ჩამოუტანეს.

ახალ ფეხსაცმელებზე მათ ჩამოტანამდე თავდაცვის მინისტრმა ბევრი ილაპარაკა. ირაკლი ღარიბაშვილი მედიას უყვებოდა, რომ სამხედროებისთვის კომფორტული და უმაღლესი ხარისხის ბათინკები გერმანიიდან ჩამოჰქონდათ. დღეს მინისტრი კამერებთან აღარ გამოჩენილა. თავის მართლება და იმის მტკიცება, რომ ინფორმაცია სიცრუეა, მის მოადგილესა და თავდაცვის სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებს მოუწიათ.  

რატომ ინახავენ და არ იცვამენ სამხედროები ფეხსაცმელს, რომელიც თავდაცვის უწყების მტკიცებით უმაღლესი ხარსიხისაა, უცნობია. ფაქტია, რომ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა თუნდაც სენაკის ბატალიონში ამ ახალი ძვირადღირებული და ბრენდული ფეხსაცმლით ვერც ერთი სამხედრო ნახა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი