სოფელ მოლითში გზის გაყვანას ერთი წელია, უშედეგოდ ელოდებიან

გამოქვეყნდა:

სოფელ მოლითის მცხოვრებლები ერთი წელია, ახალი გზის გარეშე არიან დარჩენილები. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ კომპანია, რომელმაც გზა უნდა ააშენოს, არ მუშაობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გზით გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მოლითი-ჩუმათელეთის გზის რეკონსტრუქციაზე გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აზერბაიჯანულმა კომპანია „აკორდმა“ რეკორდულად დაბალი ფასით გაიმარჯვა. მათ გზის მშენებლობა 25 კილომეტრზე დაევალათ. ტენდერის პირობების შესაბამისად, მშენებლობა ნახევრამდე მაინც უნდა იყოს მიყვანილი, თუმცა კომპანია არ მუშაობს. „აკორდის“ ქართველი თანამშრომლები ყვებიან, რომ კომპანია, სავარაუდოდ, ვადებში ვერ ჩაეტევა.

„აკორდი“ რომ ნელი ტემპით მუშაობს, ადასტურებს სახელმწიფოს მიერ დაქირავებული ზედამხედველობის კომპანიის წარმომადგენელიც. მისივე ინფორმაციით, სამუშაოების შეფერხების მიზეზი მუშახელის ნაკლებობაა.

კომპანია „აკორდის“ მიერ დაქირავებული მშენებლების 90 პროცენტი აზერბაიჯანიდან არის. ისინი კორონავირუსის გამო საქართველოში ვერ ჩამოდიან, ადგილობრივ მუშახელს კი კომპანიის ხელმძღვანელები პრინციპულად არ ასაქმებენ. ხოლო, ვისაც ქირაობენ, მათ ხელფასებსაც კი არ უხდიან.

ცნობილია ისიც, რომ კომპანია „აკორდმა“ ტენდერში რეკორდულად დაბალი ფასით გაიმარჯვა. სულ გზის, ხიდების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში კომპანიამ 54 მილიონი ლარი მოითხოვა.

კომპანიის ქართველი წარმომადგენლები ამბობენ, რომ ფული შეიჭამა და კომპანია ახალ თანამშრომლებს ამის გამო ვერ იყვანს. სახელმწიფო მათ სამუშაოებში ჯერ არ ერევა, პროექტი 29-თვიანია და წესით, მომავალი წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი